ფონდი, „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი / National Centre of Manuscripts და გაერთიანება „რუსთაველი კალიგრაფებთან“ პარტნიორობით უპრეცედენტო პროექტს გთავაზობთ: „კალიგრაფიის ონლაინ გაკვეთილები“, რომლებშიც ჩაერთვნენ მოზარდები და არა მხოლოდ მოზარდები, როგორც საქართველოდან ისე ემიგრაციიდან.

2 მაისს უკვე ჩატარდა კალიგრაფიის პირველი ონლაინ გაკვეთილი, რომელსაც როგორც ევროპაში, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ ჩიკაგოში მყოფი ქართველები ესწრებოდნენ.

ფონდი „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ დამფუნებლის, თიკა სვანიძე ვენკოს განცხადებით, როცა აღნიშნულ პროექტს იწყებდნენ, ვერც კი წარმოედგინათ, რომ კალიგრაფიის ონლაინ გაკვეთილებში ჩაერთვებოდა აფხაზეთში მყოფი ქართველი.

„ჩვენმა პროექტმა შეძლო და ე.წ. საზღვრები გაარღვია, განსაკუთრებულად ემოციური, იყო როცა გავიგეთ, რომ ერთ-ერთი მონაწილე იმ მომენტისთვის აფხაზეთში იმყოფებოდა,“ – აცხადებს თიკა სვანიძე ვენკო.

„გამარჯობა, მე ახლა აფხაზეთიდან, სოფელ ოტობაიადან გერთვებით!…“ – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საგამოფენო და საგანმანათლებლო პროგრამების განყოფილების უფროსის, ნესტან ბაგაურის განცხადებით, ეს ის სიტყვებია, რომელთა დავიწყებაც შეუძლებელია.

„გაკვეთილები საზღვრებს გარეშე მართლაც არ სცნობს საზღვრებს. მით უფრო ყურით მოთრეულ, ხელოვნურ ბარიერებს.

აქ საქართველო ერთიანია… აქ აფხაზეთი ხელის გაწვდენაზეა და ამ ხელს მაგრად ჩაჭიდებული უერთდება დანარჩენი სამყარო“,- ამბობს ნესტან ბაგაური.

„კალიგრაფიის ონლაინ გაკვეთილების“ კურსს წაუძღვებიან კალიგრაფები დავით მაისურაძე და ლეილა ბაღბაია.

„იმ დროში, როცა ერთმანეთისაგან სიშორეს ასეთი სიმძაფრით განვიცდით, ორმაგად უფრო სასიხარულოა, რომ კალიგრაფია – ქართული ხელოვნების უმშვენიერესი დარგი – იქცა ჩვენდ დამაკავშირებლად ქართულ ენასთან, მწერლობასთან, კულტურასთან და, რაც მთავარია, ერთმანეთთან“,- ამბობს დავით მაისურაძე.

კალიგრაფიის ონლაინ გაკვეთილებში მონაწილეობის მისაღებად უნდა შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა, რის შემდეგაც უნდა მიწეროთ ფონდის, „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ ოფიციალურ Facebook ფეიჯს.

აღსანიშნავია, რომ ფონდის „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ ფარგლებში „გაკვეთილები საზღვრების გარეშე“ უკვე ერთი თვეა რაც ფუნქციონირებს და აერთინებს მოზარდებს საქართველოდან, გერმანიიდან, ავსტრიიდან, საფრანგეთიდან, ნიდერლანდებიდან, აშშ-დან და ესპანეთიდანაც.

საზღვრების გარღვევა პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით ამ შემთხვევაშიც მოხდა და ფონდის მიერ ორგანიზებულ ონლაინ გაკვეთილებს აფხაზი მოსწავლეც ესწრება, რომელიც ხშირად ყვება თავის ისტორიებს, ჩვენთვის მონატრებულ მხარეზე და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აფხაზეთი საქართველოა!

“ორმაგად სასიხარულოა, რომ ქართული ანბანი და ქართული კალიგრაფია გახდა ის მთავარი ფაქტორი, რომელმაც მოგვცა საშუალება, რომ ოკოპაციის ხაზს იქითაც მიგვეწვდინა ხმა ჩვენი თანამემამულეებისთვის,”- აღნიშნავს თიკა სვანიძე-ვენკო.