2020 წლის 16 აპრილიდან

ფონდი „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“

 ახორციელებს პროექტს – „ გაკვეთილები საზღვრების გარეშე“, რომელიც  მსოფლიოს 20 ქვეყანაში მცხოვრებ მოზარდებს ერთ სივრცეში აერთიანებს. ეს არის სივრცე, სადაც ვსაუბრობთ საქართველოს ისტორიაზე, ემიგრანტი ბავშვების ადგილსამყოფელ ქვეყნებზე, ქართულ თეატრზე, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე, ეროვნულ სამოსზე , ქართულ ფოლკლორზე, ვქარგავთ ქართული ანბანით კალიგრაფიის ონლაინ გაკვეთილებზე და რაც ყველაზე მთავარია, ეს ხდება ერთ ვირტუალურ საკლასო ოთახში, რომლის მოსწავლეებიც არიან ქართველი მოზარდები მსოფლიოს 20  ქვეყნიდან, მათი თანატოლები და  პედაგოგები საქართველოდან.

ონლაინსკოლის ფარგლებში  მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მცხოვრები მოზარდებისათვის ტარდება ქართული კალიგრაფიის ონლაინგაკვეთილები. ეს არის ჩვენს მიერ შექმნილი  ერთი ყველაზე სხივიანი პროექტი. ამ არაჩვეულებრივმა იდეამ, რომლის დამუშავებასა და ხორცშესხმაში მონაწილეობა მიიღეს კორნელი კეკელიძის სახელობის  ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა, უამრავი თანამოაზრე შესძინა ონლაინსკოლას.

პროგრამის მსვლელობაში უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები მთელი ოჯახებით ერთვებოდნენ. ქართული ულამაზესი მხედრული ანბანი და ქართული ორნამენტები სხვადასხვა თაობის ქართველთა გამაერთიანებელ ძალად იქცა. 

მონაწილეები ინტერესით ეცნობოდნენ ქართული კალიგრაფიის მოკლე ისტორიას,  საზედაო ასოებით დამშვენებულ ქართულ ხელნაწერებს, მეფე ერეკლეს მდივან-მწიგნობართა, კალიგრაფების მიერ შესრულებულ დოკუმენტებს,  ძველთუძველესი ხელნაწერების შესამკობად გამოყენებულ ულამაზეს ორნამენტებს, ნიკოლოზ თბილელის თავისებურ  კალიგრაფიულ ნამუშევრებს.

ონლაინსკოლის სიამაყეა მასტერკლასების შედეგად შექმნილი  ნამუშევრები. ონლაინსივრცეში,   და არა მხოლოდ აქ, გამოფენილმა ნამუშევრებმა პატარა ავტორებს   საყოველთაო აღიარება და სიყვარული მოუტანა.

კოვიდ პანდემიის პიკის დროსაც არ შეჩერებულა ვიდეოგაკვეთილები ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ასევე სხვადასვა დისციპლინებში. ონლაინსკოლამ შეძლო  შეექმნა მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობები მოსწავლეთა შემოქმედებითი პოტენციალის განსავითარებლად, მათი შემეცნებითი ინტერესების დასაკმაყოფილებლად, თვითგანათლების,  დამოუკიდებელი საქმიანობის უნარების განსავითარებლად.

ონლაინსკოლის საქმიანობა ეფუძნება დემოკრატიის, ჰუმანიზმის და საჯაროობის პრინციპებს. ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების, ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის, პიროვნების თავისუფალი განვითარების, მოქალაქეობის მნიშვნელობის გააზრების  პრიორიტეტულობას.

Facebook Pagelike Widget
Copy link